დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფკავშირებმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები შეაჯერეს

დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფკავშირებმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები შეაჯერეს

სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს შრომის კოდექსის იმ საკითხების ჩამონათვალი, რაზეც პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია თანხმდება. დისკუსია, რომლის მიზანი სწორედ პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმების მიღწევა იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ საკითხებზე, რომლებზეც ვერ მოხდა შეთანხმება გაგრძელდება ორმხრივი მუშაობა.

„ბევრ საკითხზე წარმოიშვა პერსპექტივა, რომ მომავალში შევთანხმდეთ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შრომითი დავების მოწესრიგება და ეფექტური მექანიზმების შექმნა, მინიმალური ხელფასისა და სტაჟირების საკითხები. ეს ის თემებია, რომლებზეც ვერ მოხერხდა შეთანხმებების მიღწევა, მაგრამ ორივე მხარე მზად ვართ გავაგრძელოთ დისკუსია და მივიდეთ კონკრეტულ შეთანხმებამდე,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები და დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები.